უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვის სწავლების წარმატებით განხორვიელებისათვის
მნიშვნელოვანია, ბავშვის ფსიქიკური განვითარების კანონზომიერებების გათვალისწინება. ბავშვთა ემოციური და გონებრივი თავისებურებების, მათი მიდრეკილებებისა
და ინტერესების ცოდნა ეხმარება პედაგოგს დაამყაროს კონტაქტი ბავშვთან, უხელმძღვანელოს მათ განვითარებას, თავიდან აიცილოს მრავალი შეცდომა, მათი სწავლებისა და აღზრდის საკითხში. ბავშვის ფსიქოლოგიის ცოდნა აძლევს საშუალებას პედაგოგს არა მხოლოდ გაიგოს ბავშვის განვითარების ასაკობრივი კანონზომიერებები, არამედ ხელი შეუწყოს და განავითაროს მისი ყველა საუკეთესო თვისება.
ბავშვი სკოლაში მისვლისას, აღმოჩნდება უფრო “მკაცრ” გარემოში და იმას, თუ როგორ მოახერხებს იგი ახალ, სასკოლო გარემოსთან ადაპტაციას ბევრი რამაა დამოკიდებული. პედაგოგმა აუცილებლად უნდა იცოდეს, ამ ასაკის ბავშვის განვითარების თავისებურებები, ვინაიდან სწავლების პროცესში პედაგოგის მიერ დაშვებული შეცდომა შეიძლება გახდეს საფუძველი _ იმედგაცრუების, ოჯახში და სკოლაში კონფლიქტის, სწავლაში წარუმატებლობის. უარყოფითი ემოციური მუხტი, რომელიც შეიძლება მიიღოს ბავშვმა დაწყებით კლასებში, დიდ გავლენას მოახდენს ბავშვის მომავალ ცხოვრებაზე.
ბავშვის განვითარება ყველა
სფეროს მოიცავს:
ფიზიკურ
ზრდას, რაც გულისხმობს სხეულის ზომებისა და ფორმის, ცენტრალური და
ვეგეტატიური ნერვული სისტემის, სენსორული და მოტორული უნარების განვითარებას.
კოგნიტური
(შემეცნებითი) პროცესების – აღქმის,
ყურადრების, მეხსიერების, აზროვნების, მეტყველების განვითარებას.
ფსიქო-სოციალურს
_ პიროვნული ნიშნების შეძენასა
და საკუთარი უნიკალურობის გრძნობის განვითარებას, მის ადაპტაციას საზოგადოების
მოთხოვნებთან და კულტურულ გარემოსთან.
ბავშვის განვითარების
თავისებურებები სხვადასხვა სფეროს მიხედვით
ფიზიკური
განვითარება და მისი გავლენა უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვის ფსიქიკურ
განვითარებაზე
უმცროსი
სასკოლო ასაკი მოიცავს პერიოდს 6 წლიდან 11 წლამდე. ამ პერიოდში ადგილი აქვს
ბავშვის ცხოვრებაში ისეთ მნიშვნელოვან გარემოებას, როგორიცაა – სწავლის დაწყება.
ამ
პერიოდში მიმდინარეობს ბავშვის ორგანიზმის ინტენსიური ბიოლოგიური ზრდა-განვითარება
(ცენტრალური და ვეგეტატიური ნერვული სისტემის, ძვალ-კუნთოვანი სისტემის, შინაგანი
ორგანოების). ამ პერიოდში მატულობს ნერვული პროცესების აქტიობა. ნერვული
პროცესების აგზნება ჭარბობს შეკავების პროცესს და ეს განაპირობებს, უმცროსი
სასკოლო ასაკის ბავშვების ისეთ მახასიათებლებს, როგორიცაა, მომატებული ემოციური
აგზნებადობა და მოუსვენრობა. ბავშვისთვის ერთი მხრივ, დამახასიათებელია მომატებული
ფიზიკური გამძლეობა და მეორე მხრივ, სწრაფი დაღლა და ნერვულ-ფსიქიკური პროცესების
მოწყვლადობა.
მათი
შრომისუნარიანობა 25-30 წუთის შემდეგ, ჩვეულებრივ ქვეითდება. ასევე, ბავშვები
იღლებიან გახანგრძლივებულ ჯგუფში დარჩენისას და ემოციურად დატვირთული
გაკვეთილებისა და ღონისძიებების შედეგად.
ვინაიდან,
კუნთური სისტემის და მისი მართვის პროცესების განვითარება არ მიმდინარეობს
სინქრონულად, ამ ასაკის ბავშვებს ახასიათებთ, მოტორული აქტიობის განვითარების
თავისებურებები. მსხვილი კუნთების განვითარება უსწრებს წვრილი კუნთების
განვითარებას, ამიტომ, ბავშვებს უკეთ აქვთ განვითარებული მსხვილი მოტორული
უნარები, ვიდრე ნატიფი მოტორული უნარები (მაგალითად, წერა).
6-8 წლის
ასაკის ბავშვი ფიზიკურად _ ენერგიულია. მას აქვს ჭარბი ენერგია. სულ მოძრაობაშია. მართალია, ის ფიზიკურად
განვითარებულია, მაგრამ მისი ზრდის პროცესი არათანაბრად მიმდინარეობს. გული არ
იზრდება სხეულის პროპორციულად. ამიტომ, მას არ შეუძლია დიდხანს შეასრულოს დაძაბული
ფიზიკური აქტიობა. მას ჭირდება დასვენების პერიოდები.
6 წლის
ასაკის ბავშვს, ისევე როგორც სკოლამდელი ასაკის ბავშვს ძალიან უყვარს თამაში,
მაგრამ ახლა მისი ძირითადი აქტიობაა
_ ახალი, კონკრეტული ჩვევის დაუფლება.
9-11 წლის
ასაკის ბავშვი ფიზიკურად _ აქტიურია. აქვს ჭარბი ენერგია, რომელიც ფიზიკური აქტიობის საფუძველს
წარმოადგენს. უყვარს თავგადასავლები, შთაბეჭდილებები, ფიზიკური ვარჯიშები. ამ
ასაკის ბავშვი იმდენადაა დაკავებული თავისი ყოველდღიური თავგადასავლებით, რომ
შეიძლება ყურადრების მიღმა დარჩეს _ პირადი ჰიგიენა, საკუთარი ნივთებისა და
თანსაცმლის მოვლა. ამიტომ, საჭიროა
თვითდისციპლინის განვითარება.
კოგნიტური (შემეცნებითი)
პროცესების განვითარება
უმცროს
სასკოლო ასაკში ადგილი აქვს, შემეცნებითი ფსიქიკური პროცესების უნებლიე ფორმიდან
(ხორციელდება თამაშის ან პრაქტიკული აქტიობის დროს), ფსიქიკური აქტიობის ნებისმიერ, დამოუკიდებელ ფორმაზე გადასვლას, რომელსაც აქვს თავისი
მიზანი, მოტივი, განხორციელების ხერხები და საშუალებები.
აღქმა
უმცროსი
სასკოლო ასაკის ბავშვის აღქმა არასაკმარისად დანაწევრებულია, ამიტომ ამ ასაკის
ბავშვი ხანდახან ურევს მსგავსი მოხაზულობის მქონე ასოებსა და ციფრებს (6_9; შ_წ).
6-9 წლის
ასაკის ბავშვები, ხშირად ვერ ცნობენ ფიგურას, თუ ის სივრცეში ცოტათი სხვანაირად იქნება
განლაგებული. მაგალითად, ზოგი ბავშვი ვერ აღიქვამს სწორ ხაზს, როგორც სწორს, თუ ის
მოცემული იქნება დახრილად ან ვერტიკალურად.
ბავშვი
აღიქვამს ნიშნის, სიმბოლოს ზოგად გამოსახულებას და ვერ ხედას, მის ელემენტებს.
ამ
ასაკის ბავშვის აღქმა განისაზღვრება პირველ რიგში, თვითონ ობიექტის
მახასიათებლებით. ამიტომ, ბავშვები საგანში ამჩნევენ არა მთავარს, მნიშვნელოვანს,
არამედ, საგნის თვალში საცემ, “მკვეთრ” თვისებებს (ფერი, ფორმა, ზომა). მნიშვნელოვანია, ვასწავლოთ
ბავშვებს დაკვირვება. მასწავლებელს
ძალიან მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია ბავშვის აღქმის განვითარებაში, თუ
სწორად შეურჩევს ნახატებს, სურათებს და დაეხმარება მას აღქმის ორგანიზებაში.
მაგალითად, მისცემს მითითებას, დაათვალიეროს ნახატის დეტალები გარკვეული
თანმიმდევრობით, იპოვოს ნახატში სხვადასხვა დეტალები, ააწყოს ნაწილებიდან მთელი და
ა.შ.
უმცროს
სასკოლო ასაკში ვითარდება სინთეზური
აღქმა _ აღქმული ობიექტის ელემენტებს შორის კავშირის დამყარება. თუ მანამადე ნახატის აღწერისას ბავშვი ასახელებდა ნახატზე გამოსახულ
ობიექტებს, ეხლა მას შეუძლია ნახატის აღწერა, შემდგომში (8 წელი) კი შეძლებს
ინტერპრეტაციას.
სწავლების
შედეგად აღქმა ხდება ანალიზური, ის იძენს
ორგანიზებული დაკვირვების ხასიათს. მასწავლებელმა უნდა ასწავლოს ბავშვს ობიექტის
არსებითი ნიშნების, საგნებისა და მოვლენების თვისებების გამოვლენა. ერთ-ერთი
ეფექტური მეთოდი აღქმის განვითარების არის შედარება.
აღქმისათვის
ასევე დამახასიათებელია ემოციურობა. ბავშვზე
განსაკუთრებით დიდ გავლენას ახდენს, მასწავლებლის ემოციური შექება, შეფასება,
ვიდრე ნეიტრალური ტონით ნათქვამი “საქებარი” სიტყვები.
აღქმის
შემდეგი თავისებურებაა _ აღქმის კავშირი მოქმედებასთან (განსაკუთრებით 6-7 წლის ასაკის ბავშვებთან). აღქმა მჭიდროდაა
დაკავშირებული ბავშვის პრაქტიკულ საქმიანობასთან. საგნის აღქმა ბავშვისთვის
ნიშნავს აქტიობის განხორციელებას ამ საგნის გამოყენებით, რაღაცის შეცვლას, ხელში
აღებას. ამიტომ უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვების სწავლებისას გაკვეთილზე დიდი დრო
უნდა დაეთმოს საგნებზე პრაქტიკულ მოქმედებას და თვალსაჩინო მასალაზე მუშაობას.
ვითარდება აღქმის “სოციალიზაცია”, ბავშვი
უპირატესობას ანიჭებს ადამიანიდან წამოსულ სიგნალებს.
აღქმის
განვითარებაში ასეთი წინსვლის მიუხედავად, ამ პერიოდში წამყვანი მაინც საგნის
გარეგნული, თვალსაჩინო მახასიათებლებია. ამას ბავშვი ხშირად შეცდომაში შეჰყავს,
რადგან დასკვნას გარეგნული, თვალსაჩინო თვისებების დაყრდნობით აკეთებს. მაგალითად,
ამ ასაკის ბავშვისთვის თუ საგანი დიდია, ამიტომ ის მძიმეც უნდა იყოს.
უმცროსი
სასკოლო ასაკის ბავშვის აღქმის განვითარება შესაძლებელია ისეთი აქტიობებით,
როგორიცაა: ხატვა; სურათების დათვალიერება, მათი აღწერა, მსაგვსება-განსხვავების
პოვნა; ძერწვა; ზღაპრებისა, ლექსების, მოთხრობების მოსმენა და შეთხზვა;
გამოცანების გამოცნობა და ა.შ. ამ აქტიობების განხორციელებისას ბავშვი ეჩვევა
ობიექტური მასალის გარდაქმნას და იძულებულია ანგარიში გაუწიოს საგნის ობიექტურ
თვისებებს. შესაბამისად, აღქმა უფრო დანაწევრებული და ორგანიზებული ხდება.
ყურადღება
სასწავლო
საქმიანობა მოითხოვს კარგად განვითარებულ ნებისმიერ ყურადღებას. ბავშვს უნდა
შეეძლოს წარმართოს ყურადღება სასწავლო ამოცანაზე, გარკვეული დროით შეინარჩუნოს
ინტენსიური ყურადღება, გადაიტანოს ყურადრება ერთი ობიექტიდან მეორეზე. მაგრამ, 5-8
წლის და 9-11 წლის ასაკში ნებისმიერი ყურადღება აღმოცენდება, მხოლოდ მისი ძალების
მობილიზაციისა და ძლიერი დაძაბულობის, ან გარედან მოქმედი ძალისხმევის შედეგად.
ჩვეულებრივ სიტუაციაში ბავშვს უჭირს ყურადღების ნებისმიერად მართვა.
უმცროსი სასკოლო
ასაკისთვის დამახასიათებელია, სუსტად განვითარებული ნებისმიერი ყურადღება.
სამაგიეროდ კარგად არის განვითარებული უნებლიე ყურადღება. ყველაფერი ახალი,
მოულოდნელი, საინტერესო, ნათელი იქცევს ბავშვის ყურადღებას. ბავშვმა შეიძლება არ
შეაჩეროს ყურადღება სასწავლო მასალაში არსებით დეტალებზე და შეაჩეროს
არაარსებითზე, იმიტომ, რომ მათ მიიქციეს ბავშვის ყურადღება.
პირველკლასელებს
და ნაწილობრივ მეორეკლასელებს არ შეუძლიათ დიდხანს, ერთი მიმართულებით ყურადღების
წარმართვა. განსაკუთრებით, თუ სამუშაო უინტერესოა და მონოტონური. შედეგად, ბავშვი
ვერ ასრულებს დავალებას, ტოვებს ასოებს სიტყვაში, სიტყვას წინადადებაში. 5-6 წლის
ასაკის ბავშვს ერთი მიმართულებით ყურადღების წარმართვა შეუძლია 15-20 წუთის
განმავლობაში. მხოლოდ, მესამეკლასელებს შეუძლიათ შეინარჩუნონ ყურადღება მთელი
გაკვეთილის განმავლობაში. ყურადრების ამ თვისებას ფსიქოლოგიაში ეწოდება _ ყურადღების სიმტკიცე (ყურადღების ხანგრძლივი წარმართვა ერთი და იგივე
მიმართულებით, ერთი და იმავე ობიექტზე).
უმცროს
სასკოლო ასაკში ცუდი დისციპლინის და სწავლის სირთულეების ერთ-ერთი მიზეზია,
ნებისმიერი ყურადღების სისუსტე. ამიტომ, მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ როგორ
ხდება ნებისმიერი ყურადღების ფორმირება და როგორ შეიძლება მისი განვითარება.
მიჩნეულია, რომ ნებისმიერი ყურადღება, უნებლიესგან განსხვავებით არ არის ორგანიზმის მომწიფების პროდუქტი. მისი
ფორმირება ხდება სოციალურ კონტექსტში, ბავშვისა და მოზრდილის ურთიერთობის შედეგად.
თავის
განვითარებაში ყურადღება გაივლის გარკვეულ ეტაპებს. გარემოს შემეცნებისას ბავშვი
პირველად გამოყოფს, მხოლოდ გარკვეულ ობიექტებს, შემდეგ შეძლებს სრული სიტუაციის
აღწერას და ბოლოს ინტერპრეტაციას. ამასთანავე, პირველად ბავშვს ნებისმიერად
ყურადღების წარმართვა შეუძლია იმ მიზანზე, რასაც სვამს მის წინაშე უფროსი და
შემდეგ იმაზეც, რასაც თვითონ დაისახავს მიზნად. ნებისმიერი ყურადღების
განვითარების ადრეულ სტადიაზე, მოზრდილი სიტყვით, ან ჟესტით გამოყოფს გარემოში
ობიექტს და ასე წარმართავს ბავშვის ყურადღებას. მაგალითად, მასწავლებელი ამბობს _
“ამოიღეთ წიგნები”.
რაც
შეეხება ყურადღების გადაუხრადობას
(უცხო, ხელშენშლელი გამღიზიანებლების მიმართ, მეტ-ნაკლები წინააღმდეგობის გაწევა) თუ 3
წლის ბავშვი 10 წუთის განმავლობაში 4-ჯერ გადაიტანს
ყურადღებას სხვა ობიექტზე, 6 წლის ასაკში _ მხოლოდ ერთხელ (ეს ბავშვის სკოლისადმი
მზაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია).
ცხადია,
ყურადღების გადაუხრადობას და სიმტკიცეს დიდი მნიშვნელობა აქვს სწავლის პროცესის
განხორციელებისათვის. მეორეს მხრივ, თვით სწავლის პროცესი მნიშვნელოვნად უწყობს
ხელს ყურადღების ამ თვისებების განვითარებას.
ბავშვები იწყებენ საკუთარი
ყურადღების მართვას, ნებისმიერად შეუძლიათ წარმართონ და შეაჩერონ ყურადღება მხოლოდ
თვალსაჩინო, მისთვის საინტერესო რაიმე საგანსა და მოვლენაზე, რომლის მიმართაც
ბავშვს უჩნდება ემოციური დამოკიდებულება. მასწავლებელს შეუძლია დაეხმაროს ბავშვებს
ყურადღების ორგანიზებაში რაიმე საქმიანობაში ჩართვით, გარეგანი დამხმარე
საშუალებებით, არავერბალური მინიშნებით და ა.შ. როდესაც ბავშვები რაიმე ერთობლივ საქმიანობაში
არიან ჩართულნი, მაგალითად, გამოცანების გამოცნობა, მასწავლებელი მითითებას აძლევს
ბავშვებს, დაიცვან რიგი, ყურადღებით მოუსმინონ ამოცანას და შემდეგ უპასუხონ ხელის
აწევით და ა.შ.
ნებისმიერი
ყურადღების განვითარებისთვის საჭიროა “ახლო” მოტივაციის გამოყენება, ესაა:
მასწავლებლი შექება, შეფასება, დავალების კარგად შესრულება.
მეხსიერება
მეხსიერება
5-6 წლის ბავშვის წამყვანი ფსიქიკური პროცესია. ამ ასაკში მეხსიერება ატარებს
უნებლიე ხასიათს, რაც განპირობებულია იმით, რომ ბავშვს ჯერ-ჯერობით კარგად არ აქვს
განვითარებული დასამახსოვრებელი მასალის გააზრების უნარი, ნაკლებად იყენებს
ასოციაციებს, აქვს მცირე გამოცდილება და არ იცის დამახსოვრების ტექნიკები.
თუ რაიმე
მოვლენა ბავშვისთვის ემოციურად მნიშვნელოვანი იყო და მასზე შთაბეჭდილება მოახდინა,
ამ შემთხვევაში, უნებლიე მეხსიერებას ახასიათებს დიდი სიზუსტე და სტაბილობა.
ცნობილია,
რომ უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვმა შეიძლება ადვილად დაიმახსოვროს უაზრო მასალა;
ობიექტურად აზრიანი, მაგრამ მისთვის გაუგებარი სიტყვები, ფრაზები, ლექსები. ამის
მიზეზია, ამ მასალის ჟღერადობისადმი ბავშვის განსაკუთრებული ემოციური
დამოკიდებულება (თუ ის ჩართულია თამაშის აქტიობაში). ამასთანავე, თვითონ
გაუგებარმა ინფორმაციამაც შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის ცნობისმოყვარეობა და
მიიქციოს ყურადღება.
უმცროს სასკოლო ასაკში მეხსიერების
წამყვანი ფორმებია _ ემოციური და თვალსაჩინო-ხატოვანი მეხსიერება. ბავშვები
ადვილად და მყარად იმახსოვრებენ თვალში საცემ, ნათელ, საინტერესო მასალას,
რომელმაც მათზე ემოციური ზეგავლენა მოახდინა.
რაც
შეეხება თვალსაჩინო-ხატოვან მეხსიერებას, ბავშვები უკეთესად იმახსოვრებენ
კონკრეტულ საგნებს, მოვლენებს, სახეებს, ვიდრე განმარტებას, აღწერას, ახსნას.
ამიტომ, სასწავლო მასალის უკეთ დასამახსოვრებლად გამოყენებული უნდა იქნას დიდი
რაოდენობით თვალსაჩინო მასალა. თუმცა, დამახსოვრებულმა ხატმა შეიძლება გარკვეული
დროის შემდეგ განიცადოს ცვლილებები _ იკარგება, ან გაზვიადდება ცალკეული დეტალები.
გვახსოვდეს, რომ ბავშვებს სიტყვები ესმით პირდაპირი მნიშვნელობით.
ე.ი
უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვები ყველაზე კარგად იმახსოვრებენ კონკრეტულ
მოვლენებს, რომელსაც თან ახლავს ემოციური კომპონენტი.
როცა ჩვენ
ვსაუბრობთ, რომ უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვებს აქვთ კარგი თვალსაჩინი-ხატოვანი
მეხსიერება (როგორც ვიზუალური, ასევე აკუსტიკური), უნდა გვახსოვდეს, რომ
მეხსიერების ეს ფორმა ძნელად ექვემდებარება ნებისმიერ აღდგენას. ამავე დროს ეს არ
ნიშნავს, რომ ბავშვს ზოგადად აქვს კარგი მეხსიერება. კარგი მეხსიერება ტრადიციულად
გულისხმობს სიტყვების, შინაარსის დამახსოვრებას. ხოლო უმცროს მოსწავლეებს,
განსაკუთრებით 1 და 2 კლასში სიტყვიერი ინფორმაციის დასწავლისას, აღენიშნებათ მისი
მექანიკური დამახსოვრება. შინაარსის აღდგენა ტექსტთან ახლოს, ფასდება უფროსების
მხრიდან, რომ ბავშვმა კეთილსინდისიერად შეასრულა საშინაო დავალება და იმსახურებს
მაღალ შეფასებას. ეს კი უბიძგებს ბავშვს მოყვეს შესასწავლი მასალა, რაც შეიძლება
ტექსტთან ახლოს. თანაც, მათ ჯერ არ შეუძლიათ განზოგადება, არ აქვთ ისე
განვითარებული მეტყველება, რომ თავისი სიტყვებით გადმოსცენ დასწავლილი შინაარსი.
ამიტომ, ეშინიათ რა შეცდომის დაშვების, ისინი სიტყვა-სიტყვით აღადგენენ ტექსტს.
უმცროს
სასკოლო ასაკში პედაგოგმა უნდა იმუშაოს ვერბალური და ლოგიკური დამახსოვრების
განვითარებაზე, ანუ სიმბოლური მეხსიერების განვითარებაზე. ვერბალური მეხსიერება
დაკავშირებულია მეტყველებასთან და საბოლოოდ ფორმირდება 10-13 წლის ასაკში. მისი
მახასიათებელია შინაარსის ზუსტი აღდგენა საკუთარი სიტყვებით.
ლოგიკური
მეხსიერების მახასიათებელია ტექსტის დედა-აზრის დამახსოვრება. ამიტომ, ლოგიკური
მეხსიერება მჭიდროდაა დაკავშირებული აზროვნებასთან. ლოგიკური დამახსოვრების
ერთ-ერთი ხერხია მასალის აზრობრივი დაჯგუფება. უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვები ამ
ტექნიკას დამოუკიდებლად ვერ იყენებენ (არ შეუძლიათ ტექსტის ანალიზი, ვერ გამოყოფენ
მთავარს, არსებითს).
მასწავლებელი
უნდა დაეხმაროს ბავშვს მეხსიერების ამ ფორმის განვითარებაში. უნდა მოხდეს მასალის
ანალიზი, გამოიყოს ცალკეული ნაწილები (აზრობრივი, რთულად დასამახსოვრებელი).
მნიშვნელოვანია დასასწავლი მასალის გაგება, სწავლის მოტივაციის ფორმირება.
თანდათანობით
ნებისმიერი მეხსიერება ხდება ის შემეცნებითი ფსიქიკური პროცესი, რომელსაც სასწავლო
პროცესი ეყრდნობა.
აზროვნება
აზროვნება არის შემეცნებითი ფსიქიკური პროცესი, რომლის საშუალებითაც ხდება მიზეზ-შედაგობრივი კავშირებისა და მიმართების დამყარება, გარე სამყაროს მოვლენებსა და ობიექტებს შორის.
ბავშვის შემეცნებითი აქტიობა და ცნობისმოყვარეობა მიმართულია გარემოს შემეცნებაზე. აზროვნება უშუალოდაა დაკავშირებული მეტყველებასთან. რაც უფრო მაღალია ბავშვის გონებრივი აქტიობა, მით უფრო ბევრ და მრავალფეროვან კითხვას სვამს იგი _ ეს რა არის? ვინ არის? რატომ? რისთვის? რისგან? ვის? და ა.შ.
როგორც წესი, კითხვის დასმისას უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვები წარმოიდგენენ რეალურ სიტუაციას. აზროვნების ფორმას, რომლის დროსაც ამოცანის გადაწყვეტა ხორციელდება შინაგან პლანში, აღქმისა და წარმოდგენის საფუძველზე, ეწოდება თვალსაჩინო-ხატოვანი აზროვნება. სწორედ, აზროვნების ეს ფორმაა დამახასიათებელი უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვებისათვის. ბავშვებს უჭირთ სიტყვიერად გამოთქმული აზრის გაგება, თუ მას არ აქვს თვალსაჩინო დასაყრდენი. რა თქმა უნდა, ამ ასკის ბავშვს შეუძლია ლოგიკური აზროვნებაც, მაგრამ ბავშვი უფრო მგრძნობიარეა ისეთი სწავლებისადმი, რომელიც ეყრდნობა თვალსაჩინოებას.
6-8 წლის ასაკის ბავშვი _ დამკვირვებელია.
მართალია, პირველკლასელი ძალიან დაკვირვებულია, მაგრამ მას არ ესმის ყველაფერი, რასაც ხედავს, ვინაიდან მისი ინტელექტუალური შესაძლებლობები ჯერ კიდევ არ არის სრულყოფილი. უფროსებმა შეიძლება გადააფასონ მისი ინტელექტუალური შესაძლებლობები, იმის გამო, ბავშვი ხშირად ამჩნევს ისეთ დეტალებს, რასაც არ აქცევენ ყურადღებას მოზრდილები. პირველკლასელი აზროვნებს “აქ” და “ეხლა” კატეგორიებით. უჭირს დროის, სივრცის და რიცხვის გაგება. მას შეუძლია ახალი მასალა აითვისოს, თუკი იგი დაკავშირებუ;ლი იქნება, მისთვის ნაცნობ ინფორმაციასთან. ამიტომ, პედაგოგმა უნდა კარგად იცოდეს, თუ რა იცის ბავშვმა და დააკავშიროს ახალი ცოდნა _ ძველთან.
9-11 წლის ბავშვი – მკვლევარია.
ამ ასაკის ბავშვიც ასევე კარგი დამკვირვებელია, მაგრამ უფრო ყურადღებით აკვირდება და ლოგიკურად აზროვნებს. სვამს ბევრ კითხვებს და შეუძლია თვითონ იპოვოს მათზე პასუხი.
უყვარს კოლექციების შეგროვება. აგროვებს ყველაფერს, მიასთვის მნიშვნელოვანია რაოდენობა და არა ხარისხი. 11 წლამდე ის არ აკეთებს, თავისი კოლექციის კლასიფიკაციას (თუ რა თქმა უნდა, მას ამაში უფროსი არ დაეხმარა). პედაგოგმა შეიძლება გამოიყენოს ბავშვის ეს თვისება საგანმანათებლო მიზნით. ბავშვი ხდება უფრო დაკვირვებული, ხოლო კოლექციის განხილვისას ან გაცვლისას, კი უმჯობესდება პიროვნებათშორისი ურთიერთობები.
ბავშვს უყვარს იმის გამოკვლევა, რაც მისთვის უცნობია. ამ ასაკში მას უკვე ესმის მიზეზ-შედეგობრივი დამოკიდებულება, აქვს დროის (ქრონოლოგიური და ისტორიული განცდა), სივრცის, ადგილმდებარეობის, მანძილის კარგი აღქმა. ის მსჯელობს იმის შესახებ, რაც ესმის და ხედავს.
ჟ. პიაჟეს თანახმად უმცროსი სასკოლო ასაკი მოიცავს ორ სტადიას: ოპერაციამდელსა და კონკრეტული ოპერაციების.
რა არის დამახასიათებელი აღნიშნული სტადიებისთვის?
ოპერაციამდელი ინტელექტის სტადია (2 წლიდან - 7 წლამდე) - ბავშვი რეალობის შესახებ კონკრეტულ, ფიზიკურ სიტუაციებზე დაყრდნობით მოქმედებს. იგი მიბმულია საგანთა და მოვლენათა სიტუაციურ მახასიათებლებზე და მყარი, მუდმივი, უცვლელი ანუ ინვარიანტული წარმოდგენები არა აქვს. მაგ. ერთი და იგივე რაოდენობის წყალი ჩასხმული სხვადასხვა ფორმის ჭურჭელში ბავშვს სხვადასხვა რაოდენობის ჰგონია. ეს იმის მანიშნებელია, რომ ის არ არის დაუფლებული კონსერვაციის პრინციპს.
შეიძლება ითქვას, რომ ოპერაციამდელი პერიოდი არის თვალისა და აზრის ბრძოლის ველი, სადაც ბრძოლა თვალის (აღქმის) სასარგებლოდ მთავრდება. მაგალითად, თუ ბავშვს ვაჩვენებთ რძით თანაბრად სავსე განიერ და დაბალ ჭიქას, და შემდეგ რძეს გადავასხამთ მაღალ და ვიწრო ჭიქაში, ბავშვი გვიპასუხებს, რომ მაღალ ჭიქაში უფრო ბევრი რძეა, თუ ჭიქაში რძის სიმაღლეზე გაამახვილებს ყურადღებას. ამის მიუხედავად, ოპერაციამდელ სტადიაზე ბავშვი ეუფლება სიმბოლურ აზროვნებას. ის სწავლობს სიმბოლურ თამაშს, მაგალითად ქილის სახურავებს იყენებს თეფშებად ან მუყაოს ყუთს_მაგიდად. სიმბოლურ აზროვნებასთან ერთად დროის შეგრძნებაც უვითარდება: წარსული, აწმყო და მომავალი.
განვითარების ამ სტადიაზე ორი პერიოდი გამოიყოფა: ცნებამდელი აზროვნება (2-4 წელი) და ინტუიტური აზროვნება (4-7
წელი).
ცნებამდელი აზროვნება .წინა პერიოდთან შედარებით ბავშვი იწყებს სიმბოლოების გამოყენებას. ვითარდება სიმბოლური თამაში და მეტყველება. ბავშვი შედარებით შორდება არსებულ სიტუაციაზე მიჟაჭვულობას. მას შეუძლია გაითამაშოს, იმიტაცია მოახდინოს მანამადე ნანახი სიტუაციის, გამოიყენოს სიტყვა სწორად მაშინ, როდესაც ამის საჭიროებას განიცდის. მაგრამ ამ ასაკის ბავშვის სიტყვები ნამდვილ ცნებებს არ წარმოადგენენ, ისინი ცნების ფუნქციას ასრულებენ, მაგრამ მოქმედებებზე არიან მიჯაჭვულნი.
ამ სტადიაზე ბავშვის დასკვნა არის არა ინდუქციური (კონკრეტულიდან ზოგადი დასკვნის გაკეთება) ან დედუქციური (ზოგადიდან კონკრეტული დასკვნის გაკეთება), არამედ ,,ტრანსდუქციური" ხასიათსაა (კერძოდან კერძო დასკვნის გაკეთება). მაგ. თუ A იძლევა რძეს და B - ც იძლევა რძეს, მაშინ A არის B. ამ ლოგიკით თუ A არის ძროხა და B თხა, მაშ ძროხა თხა ყოფილა.
სენსომოტორულ სტადიასთან შედარებით მნიშვნელოვანი ძვრების მიუხედავად, ცნებამდელი პერიოდის ბავშვს უჭირს ერთმანეთისგან გაარჩიოს ფიზიკური, გონებრივი და სოციალური რეალობა ერთმანეთისგან. ბავშვის აზროვნებას ახასიათებს ანიმიზმი, ანუ, თვლის რომ მოძრავი ობიექტები ცოცხლები არიან: მზე, მთვარე, ღრუბლები და მატარებლებიც კი.
ბავშვის აზროვნების კიდევ ერთი თავისებურებაა ეგოცენტრიზმი. ბავშვს არ შეუძლია დადგეს სხვა ადამიანის პოზიციაზე. მაგალითად, პიაჟეს ერთ_ერთ ექსპერიმენტში ბავშვს სვამდნენ მაგიდასთან, რომელზეც მოთავსებული იყო მთის მაკეტი და აჩვენებდნენ სხვადასხვა კუთხიდან გადაღებულ მთის მაკეტის ფოტოებს. პირველად ბავშვს სთხოვდნენ აერჩია ის ფოტო, რომელიც მისი ადგილიდან ჩანდა. ხოლო შემდეგ, ფოტო მთების მაკეტის ისეთი გამოსახულებით, რომელსაც სხვა ადგილას მჯდომი თოჯინა ხედავდა. ბავშვების უმრავლესობას არ უჭირს პირველი ფოტოს მოძებნა, მაგრამ განიცდის სირთულეებს
მეორე ფოტოს არჩევისას. 5 წლის ასაკიდან ბავშვი უკვე უშვებს სხვა პოზიციის არსებობის შესაძლებლობას, მაგრამ თვლის, რომ სწორია მხოლოდ მისი პოზიცია, თვალსაზრისი, რასაც პიაჟე სწორედ ეგოცენტრიზმით ხსნის.
ეგოცენტრიზმის დაძლევაში დიდ როლს თამაშობს ზღაპარი. შეგვიძლია მაგალითად მოვიყვანოთ ნორვეგიული ზღაპარი:
“პატარა წიწილა სეირნობდა, მოწყინდა მარტოს და გადაწყვიტა ეპოვა ამხანაგი, ვინც მასთან ერთად ითამაშებდა. პირველი ვისაც შეხვდა იყო ჭიაყელა. წიწილას თხოვნაზე ვითამაშოთო, მან უპასუხა: როგორ შემიძლია შენთან თამაში, შენ ხომ ძალიან დიდი ხარ. წიწილამ გზა განაგრძო და შეხვდა ხბოს. წიწილას თხოვნაზე ვითამაშოთო, ხბომ უპასუხა: როგორ ვითამაშო შენთან, როცა შენ ასეთი პატარა ხარ. როგორი ვარ მე სინამდვილეში? ჰკითხა საკუთარ თავს დაბნეულმა წიწილამ და ფიქრის შემდეგ მიხვდა, რომ ჭიაყელასთან შედარებით დიდია, ხოლო ხბოსთან შედარებით კი პატარა”.
ასევე ეგოცენტრიზმის დაძლევას ხელს უწყობს, როლური თამაშები და ურთიერთობა თანატოლებთან, სადაც მან თანაფარდობაში უნდა მოიყვანოს საკუთარი და სხვისი პოზიცია.
Комментариев нет:
Отправить комментарий