II კლასი
ბუნებისმეტყველება
სტანდარტი
წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები მიმართულებების მიხედვით:
ცოცხალი სამყარო
|
სხეულები და მოვლენები
|
დედამიწა და გარესამყარო
|
ადამიანი და გარემო
|
ბუნ.II.1.მოსწავლეს შეუძლია მცენარის და ცხოველის სხეულის ძირითადი ნაწილების აღწერა.
ბუნ.II.2.მოსწავლეს
შეუძლია
განიხილოს
ზრდა, როგორც
ცოცხალის
თვისება.
|
ბუნ.II.3.მოსწავლეს
შეუძლია
ადვილად
დაკვირვებადი მოძრაობების აღწერა.
|
ბუნ.II.4.მოსწავლეს შეუძლია სეზონური მოვლენების დახასიათება.
ბუნ.II.5.მოსწავლეს შეუძლია ნაცნობ გარემოში ორიენტირება.
ბუნ.II.6.მოსწავლეს შეუძლია ამინდის კომპონენტების აღწერა და დახასიათება.
|
ბუნ.II.7.მოსწავლეს შეუძლია პირადი ჰიგიენის ძირითადი წესების დაცვა.
ბუნ.II.8.მოსწავლეს შეუძლია ჯგუფში უსაფრთხო ქცევის წესების დაცვა.
ბუნ.II.9.მოსწავლეს შეუძლია გარემოსადმი საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
|
წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები:
მიმართულება: ცოცხალი სამყარო
ბუნ.II.1.მოსწავლეს შეუძლია მცენარის და ცხოველის სხეულის ძირითადი ნაწილების აღწერა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· თვალსაჩინოებაზე ამოიცნობს და ასახელებს ორგანიზმის ძირითად ნაწილებს, გამოთქვამს აზრს მათი ფუნქციის შესახებ;
· თვალსაჩინოებაზე ამოიცნობს სხვადასხვა ორგანიზმის ერთნაირი ფუნქციის მქონე ნაწილებს (მაგ., ფეხი/ფრთა/ფარფლი - მოძრაობა, ცხვირი/დინგი/ხორთუმი - ყნოსვა);
· აგროვებს მასალას (მაგ., ჰერბარიუმი, ჟურნალ-გაზეთების ილუსტრაციები), ავლენს მცენარეებისა და ცხოველების ორგანიზმის ძირითადი ნაწილების მრავალფეროვნებას და აკეთებს კოლაჟს;
· ასრულებს მარტივ ინსტრუქციებს და ფრაგმენტებისაგან ქმნის მცენარის, ცხოველის, ადამიანის გამოსახულებას;
· მოსწავლე აღწერს სხვადასხვა მცენარეს შორის არსებულ მსგავსებას და განსხვავებას. (მაგ., ერთი ან სხვადასხვა სახეობის მცენარის ფოთლების ფორმა და ზომა, ყვავილების გვირგვინის ფურცლების რაოდენობა, ნაყოფებში თესლების რაოდენობა).
ბუნ.II.2.მოსწავლეს შეუძლია განიხილოს ზრდა, როგორც ცოცხალის თვისება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ორგანიზმის ზრდისთვის აუცილებელი პირობების (მაგ., წყალი, საკვები, საბინადრო გარემო) გამოსავლენად სვამს კითხვებს (მაგ., რა დაემართება ქოთნის მცენარეს თუ იშვიათად მოვრწყავთ? რა დაემართება ზაზუნას თუ შევუმცირებთ საკვებს?) და ეძებს პასუხებს;
· მოიპოვებს მასალას ზრდის პროცესის საილუსტრაციოდ (მაგ., ტანსაცმლის დაპატარავება, სხვადასხვა ასაკში გადაღებული ფოტოსურათები, სარძევე კბილების მოცვლა);
· აკვირდება და აღწერს მცენარეების ზრდის პროცესს (მაგ., ხორბლის აღმონაცენის სიმაღლის მატება), წერილობით აღრიცხავს მონაცემებს;
· ადარებს ერთმანეთს ზრდასრულ ცხოველებს და მათ ნაშიერებს, აღწერს ზრდის პროცესში მომხდარ ცვლილებებს (მაგ., ზომის, ფერის ან საფარველის ცვლილება).
მიმართულება: სხეულები და მოვლენები
ბუნ.II.3.მოსწავლეს შეუძლია ადვილად დაკვირვებადი მოძრაობების აღწერა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· აკვირდება და აღწერს თამაშის დროს შესრულებულ მოძრაობებს (მაგ., სრიალი, ტრიალი, ქანაობა);
· ყოველდღიური ცხოვრებიდან ჩამოთვლის სხვადასხვა სხეულის (მაგ., ადამიანი, ცხოველი, მანქანა, გემი, თვითმფრინავი) მოძრაობის მაგალითებს და აჯგუფებს მათ სისწრაფის მიხედვით;
· აკვირდება და ასახელებს მოძრავი ობიექტის ნაწილებს, რომელთა მეშვეობითაც ის (ობიექტი) გადაადგილდება (მაგ., ბორბლები, ფეხები, ფრთები);
· სვამს კითხვებს (მაგ., რომელი სხეულის დაძვრაა უფრო ადვილი?) იმ ფაქტორების (მაგ., ზომა, ფორმა, სიმძიმე, ზედაპირი) დასადგენად, რომლებიც გავლენას ახდენს სხეულთა დაძვრაზე, მოძრაობასა და გაჩერებაზე, ეძებს პასუხებს;
· ამზადებს მოძრავი სხეულის მოდელს (მაგ. ბორბლებიანს), აღწერს მუშაობის ეტაპებს (მოქმედებების თანმიმდევრობა, წარმოქმნილი სირთულეები და მათი გადაჭრა).
მიმართულება: დედამიწა და გარესამყარო
ბუნ.II.4.მოსწავლეს შეუძლია სეზონური მოვლენების დახასიათება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· თანმიმდევრობით ჩამოთვლის სეზონებს და თვეებს;
· ერთმანეთს ადარებს სეზონებს, საუბრობს მათ განმასხვავებელ ნიშნებზე, აკეთებს კოლაჟებს, ჩანახატებს და სხვა;
· აღწერს იმ ცვლილებებს, რომლებსაც განიცდიან მცენარეები და ცხოველები სეზონების მიხედვით (მაგ., ფოთოლცვენა, ყვავილობა, ბეწვის ფერის ცვლა);
· ჩამოთვლის მაგალითებს სეზონების მიხედვით ადამიანის საქმიანობის და ცხოველების ქცევის შესახებ (მაგ., ხვნა, თესვა, ფრინველების გადაფრენა);
· ახარისხებს ტანსაცმელს სეზონების მიხედვით;
· ჩამოთვლის მისთვის მნიშვნელოვან დღესასწაულებს და აკავშირებს სეზონებთან.
ბუნ.II.5.მოსწავლეს შეუძლია ნაცნობ გარემოში ორიენტირება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· დაკვირვებების საფუძველზე აღწერს გზას სახლიდან სკოლამდე; აფიქსირებს გზაზე არსებულ მისთვის მნიშვნელოვან ორიენტირებს (ხელოვნურ ან ბუნებრივ ობიექტებს); მონაცემებს წარმოადგენს ნახატის სახით;
· ირჩევს ნაცნობ გარემოში (მაგ., სახლი, სკოლა, ეზო, პარკი) მისთვის მნიშვნელოვან ორიენტირებს. აღწერს მარშრუტებს ობიექტებს შორის;
ბუნ. II.6.მოსწავლეს შეუძლია ამინდის კომპონენტების აღწერა და დახასიათება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· აკვირდება ამინდის ცვალებადობას და ჩამოთვლის ამინდის განმსაზღვრელ კომპონენტებს (მაგ., ნალექები, ქარი, სითბო, სიცივე);
· ქმნის ამინდის განმსაზღვრელი კომპონენტების აღმნიშვნელ სიმბოლიკას, ადგენს დაკვირვების დღიურს და გარკვეული პერიოდის (მაგ., ერთი კვირა) მანძილზე შეაქვს მონაცემები;
· მსჯელობს თითოეული სეზონისათვის დამახასიათებელი ამინდის შესახებ;
· გამოხატავს საკუთარ განწყობას სხვადასხვა ამინდის მიმართ;
· აკვირდება ორგანიზმების (მაგ., მერცხლები, სხვადასხვა მწერი) ქცევას ამინდის ცვლილებისას, დაკვირვების შედეგებს გადმოსცემს სხვადასხვა გამომსახველობითი ხერხით.
მიმართულება: ადამიანი და გარემო
ბუნ.II.7.მოსწავლეს შეუძლია პირადი ჰიგიენის ძირითადი წესების დაცვა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას პირადი ჰიგიენის წესების დაცვის მნიშვნელობის შესახებ;
· ადგენს მომდევნო დღის რეჟიმს და საუბრობს მისი შესრულების შესახებ;
· მსჯელობს რეგულარული ფიზიკური ვარჯიშის მნიშვნელობაზე და რამდენიმე ვარჯიშს აჩვენებს თანაკლასელებს.
ბუნ.II.8.მოსწავლეს შეუძლია უსაფრთხო ქცევის ძირითადი წესების დაცვა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ასახელებს იმ პირებს, ვისაც საჭიროების შემთხვევაში მიმართავს დახმარებისთვის (მაგ., პატრულს, პოლიციელს, ექიმს, გამყიდველს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლს);
· საუბრობს გადაუდებელი დახმარების სამსახურების დანიშნულებაზე, ამოიცნობს მათ სიმბოლიკას და ასახელებს საკონტაქტო ტელეფონებს;
· ჩამოთვლის ადგილებს, სადაც საგანგებო ვითარებისას (მაგ., მიწისძვრა, წყალდიდობა) დაცული იქნება (უსაფრთხო ადგილები შენობებში და მის გარეთ);
· შეიმუშავებს ყოველდღიურ ცხოვრებაში სითბოს და სინათლის წყაროების უსაფრთხო გამოყენების წესებს ჯგუფური მუშაობის შედეგად.
ბუნ.II.9.მოსწავლეს შეუძლია გარემოსადმი საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· აკვირდება ლოკალურ გარემოს, საუბრობს ადამიანის საქმიანობით (მაგ., სკოლის და სახლის ეზო - მოვლა/გამწვანება) გამოწვეულ ცვლილებებზე;
· გამოთქვამს მოსაზრებას სკოლის გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, სახავს მისი განხორციელების გზებს;
· მონაწილეობს სკოლის გარემოს გაუმჯობესებისთვის დაგეგმილ აქციებში.
პროგრამის შინაარსი
მცენარეები და ცხოველები
სხეულის ნაწილები:
ფესვი, ღერო, ფოთოლი, ყვავილი, ნაყოფი; თავი, ტანი, კიდურები, კუდი;
სხეულის ნაწილების მრავალფეროვნება: ფორმა, ფერი, ზომა.
ორგანიზმების ზრდა
ზრდისთვის აუცილებელი ფაქტორები: ჰაერი, წყალი, საკვები, სინათლე.
ადვილად დაკვირვებადი მოძრაობები
სხეულთა მოძრაობის სახეები (მაგ., სრიალი, ტრიალი, ქანაობა);
მოძრაობის სისწრაფე: სწრაფი - ნელი;
მოძრაობის საშუალებები (მაგ., ბორბლები, ფეხები, ფრთები);
ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს სხეულის დაძვრაზე, მოძრაობასა და გაჩერებაზე (მაგ., სხეულის ფორმა, ზომა, სიმძიმე, ზედაპირი).
სეზონური ცვლილებები
წელიწადის დროები და თვეები;
ბუნებრივი მოვლენები;
ცოცხალ სამყაროში მიმდინარე სეზონური ცვლილებები;
ადამიანის საქმიანობა.
ორიენტირება ნაცნობ გარემოში
გზა სახლიდან სკოლამდე და ნაცნობ ადგილებამდე;
ორიენტირები;
საორიენტაციო მარტივი ინსტრუქციები.
ამინდი და მისი კომპონენტები
ამინდის კომპონენტები: ნალექები, ქარი, სითბო, სიცივე და სხვა;
ამინდი სეზონების მიხედვით;
ამინდის დღიური;
ამინდი და ორგანიზმების ქცევა.
უსაფრთხო ქცევის წესები და პირადი ჰიგიენა
უსაფრთხოება სახლსა და ქუჩაში;
სინათლისა და სითბოს წყაროების უსაფრთხო გამოყენების წესები;
პირადი ჰიგიენის ელემენტარული წესები;
დღის რეჟიმი;
ფიზიკური ვარჯიშის მნიშვნელობა;
ჯანსაღი კვება და მისი მნიშვნელობა.
Комментариев нет:
Отправить комментарий